Skip to content
Words Without Borders is an inaugural Whiting Literary Magazine Prize winner!
from the September 2018 issue

ამბრნი, უმბრნი და არაბნი...

კოშკში შევედი. წინა `ოთახში~ არ გავჩერებულვარ, მეორეში გავიყვანე. აქ მარჯვნივ და მარცხნივ ხის გრძელი სკამები იდგა, შუა კედელთან _ ხის ტახტი, ზედ დაზვინებული ლოგინებით. მეოთხე კედელში კი ფანჯარა იყო გამოჭრილი.
ხალისიანი განწყობილება დამეუფლა, რაც, ალბათ, მისგან გადმომედო. უცებ მივუტრიალდი, ლოყებზე ხელი მოვუჭირე და ვკითხე:
_ რა გქვია, პატარა დათვო?
_ მე ვარ პატარა დათვი?
_ დიახ, შენ. აბა, აქ მოდი! _ ფანჯარასთან მივიყვანე, საიდანაც მთელი არემარე ხელისგულივით მოჩანდა. ცისკენ ავახედე. იქ წეღან მარტო რომ ვიყურებოდი, `პატარა დათვს~ მოვკარი თვალი. ახლაც იქ იყო და კამკამებდა თავისთვის. _ აბა, შეხედე, ხედავ? თავი დამიქნია.
_ მერე, ეს რა არის? _ ხელი კისერზე გადავუსვი, სადაც ფერმკრთალი ხალების პატარა ხომლი მქონდა შეგულებული. თვალები დახარა. ვიგრძენი, რომ გააჟრჟოლა.
_ რა არის? _ მკითხა ჩუმად, შეცვლილი ხმით.
_ რა და, პატარა დათვი. აქ ხალები რომ გაქვს, არ იცი?
_ ვიცი, მაგრამ მხოლოდ სარკეში დამინახავს, _ მიპასუხა კიდევ უფრო ჩუმად. _ შენ საიდანც იცი?
_ საიდუმლოა. მეცოდები, რომ ვერ ხედავ. ძალიან კარგი სანახავია. ზუსტი ასლია. ვინ წარმოიდგენდა? _ უცბად დავიხარე და კისერზე ვაკოცე, _ მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, პატარა დათვისთვის მეკოცნა. და აი, სად დამიხვდა.
_ არ ოცნებობდი, _ მითხრა ხაზგასმით, მაგრამ ჩუმად (რაღაც ბევრი რამ მითხრა ამ სიტყვებით) და სახეში შემომხედა. გამომეტყველება საოცრად გალღობოდა... გალმობიერებულ სახეზე რაღაც თვინიერება ეხატა, რაც მისი `არას~ პატრონისაგან, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ღელავდა ვგრძნობდი, მის გულს სულ ბაგაბუგი გაუდიოდა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ლოცულობსო.
_ რა გქვია, მართლა?
_ მერცია.
_ მერცია... ბავშვობაში ჩვენი ექიმის შვილს ერქვა. ჩვენთან სათამაშოდ არ უშვებდნენ, სულ ეზოში ჰყავდათ ჩაკეტილი, მგონი ავად იყო...
_ ავად იყო? რითი?
_ არ მახსოვს... მერე ეგ სახელი აღარ შემხვედრია... _ ვუყურებდი, _ მერცია, ეს არის ჩვენი გამოქვაბული, ჩვენა ვართ ველურები... ვიპოვეთ ერთი გამოქვაბული და ერთად უნდა დავიწყოთ... ცხოვრება, ხო კარგია? _ მივედ-მოვედებოდი, რომ არ გავჩუმებულიყავი, რადგან მეც ვღელავდი.
_ კარგია, _ გაიცინა და გამხიარულდა.
_ ოღონდ ამ თამაშისათვის, არა, ამ ცხოვრებისათვის, ყველაფერი უნდა დაივიწყო... _ ვუთხარი და თმაზე ჩამოვუსვი ხელი...
_ რა ყველაფერი?
_ ქალაქი, წარსული, ნაცნობები... ყველაფერი...
_ ოჰ! _ ხელი ჩაიქნია, _ არც მახსოვს.
_ ძალიან კარგი... რა გახსოვს? _ ვიგრძენი ამ სიტყვებით რაღაც კონკრეტულს ვეკითხებოდი, რადგან ახლაღა გამახსენდა, რომ არც კი ვიცოდი, გათხოვილი იყო თუ გაუთხოვარი, საერთოდ ვინ იყო... და ვინ ჰყავდა.
_ რა? რა ვიცი.. _ მხრები შეიშმუშნა, _ მახსოვს, რომ... დრო გადის...
_ ეგ წეღან ხომ არ დაადგინე, სევდიანი რომ იჯექი წყლის პირს...
_ რა ვიცი, _ ჩუმად გაიცინა.
კედლიდან ხანჯალი ჩამოვხსენი, მერე აღათოს მამამთილის ნაქონი `ბერდანკა~ ფანჯრის რაფაზე გავდე. ხანჯალი ვიშიშვლე, მერციას მხრებზე ხელი გადავხვიე და ვთქვი:
 _ ჩემი ციხე, ჩემი მიწა, ჩემი ქალი, ჩემი ხმალი.
_ მრისხანე შატილიონი, _ გაიცინა და განზე გაიწია. არ ვიმჩნევდი, რომ ვამჩნევდი: რამდენჯერაც შევეხე, იმდენჯერ გააჟრჟოლა. გავიფიქრე, ძალიან მგრძობიარეა-მეთქი.
ხანჯალი ტახტზე დავდე. რაღაცა მბორკავდა და არ ვიცოდი, რა. ასეთი უხერხულობა ბავშვობის შემდეგ აღარ განმეცადა და ვერაფრით ვხსნიდი. იმ სიხარულის ბრალი იყო ყველაფერი... ისე რომ გამომყვა... თითქოს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ... არადა, რატომ, რა საფუძველი ჰქონდა? გავიფიქრე, მეგი რომ მყოლოდა, ალბათ, აქამდე უკვე ერთად ვიწვებოდით-მეთქი... მაგრამ, ახლა რა მომდიოდა, ვეღარ გამეგო. კოშკიდან რომ გავედი, საკმაოდ ძლიერ სურვილს განვიცდიდი. ახლა კი უბრალოდ ხალისიან გუნებაზე ვიყავი (რაც, რა ხანი იყო, აღარ მახსოვდა), მაგრამ წეღანდელ ფიზიკურ სურვილს ვეღარ ვგრძნობდი... და ფანჯარასთან რომ მივიდა და გარეთ გაიხედა, ზურგიდან მივუახლოვდი, ხელები ყელზე შემოვხვიე და ჯერ ერთ ლოყაზე ვაკოცე, მერე მეორეზე. ამით უნდა მივმხვდარიყავი, რომ ჩემი საქმე წასული იყო. რაღაც სულ სხვა გემოს ვატანდი იმ კოცნას. უვნებოდ ვკოცნიდი, სიყვარულით, ბავშვებს რომ ეფერებიან, ისე. მოტრიალდა, ხელებით მკერდზე მომაწვა და განზე გამწია. ისევ ავაფარე ხელები ლოყებზე და დაღვრეცილ ტუჩებზე ოდნავ შევეხე. მერე ყურის ძირებისაკენ ჩავაცურე და კისრის მალებთან თითები ერთმანეთს გადავაჭდე, გააჟრჟოლა.
_ გინდა გაგახარო? _ ვკითხე უცბად.
_ მინდა.
ძირს ნაბადი დავაგე. თავთან ხმალი დავიდე. გვერდით თოფი მივიწვინე და გულაღმა გავიჭიმე:
_ აი,^ მკვდარი ვარ და დამმარხე, ხომ გიყვარს დამარხვა და საფლავების კეთება. _ ხელები გულზე დავიკრიბე და თვალები დავხუჭე.
 
_ კოშკში ლომი წოლილიყო,
მომრევ არვინ იყო მისი,
იმის თავით რაში ება, ტორით მიწას
თხრიდა ისი,
მარცხნივ რომ შუბი ეყუდა, წვერი 
ცასა ხევდა მისი,
მარჯვნივ ედო თავის ხმალი, პირი
ჰქონდა ალმასისი,
გვერდით ეჯდა თავის დედა, ცრემლად
დასტიროდა შვილსა,
თავით ერთი ქალი ეჯდა, ზღვას
ერევა ცრემლი მისი...
 
თქვა ხმადაბლა. თვალები არ გამიხელია. მერე გაჩუმდა. ვიგრძენი, მომიახლოვდა... ნაბადზე ჩემს გვერდით ჩაიმუხლა. მხარზე მუხლისთავებით მეხებოდა... დაიხარა და ტუჩებზე ოდნავ შემეხო. მერე დახუჭულ თვალებზე მაკოცა... თითქოს პეპელა დამაჯდა ქუთუთოზე. მერე ხელი შუბლზე გადამისვა... საფეთქლებზე. მოვითენთე. ლოყაზე ჩააცურა და მხარზე შეაჩერა... ოდნავ მომიჭირა:
_ გაახილე, _ მითხრა ჩუმად.
არ გავნძრეულვარ.
_ გაახილე თვალები, _ წამწამებზე ხელი მომკიდა და ამიწია.
მე უფრო მაგრად მოვხუჭე.
_ გაიღვიძე, გესმის, გაიღვიძე! _ ხმა ნერვიული გაუხდა. დაიხარა და ლოყით ლოყაზე მომეკრა.
_ ააჰ! ხომ ჩამივარდი ხელში! _ დავიძახე და ხელები მოვხვიე.
შეკრთა. თვალებში რომ შევხედე, თითქოს ცრემლი უბრწყინავდა.
_ ე! რა მალე დაიჯერა! ხელად არ შევიდა ჭირისუფლის როლში?!
გაეცინა.
_ როგორ მითხარი? _ `გაიღვიძე, გესმის, გაიღვიძე~. იცი ეგ ლექსი?
_ არა, _ მოიწყინა ისევ.
_ გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსია. ხევსური იყო. ვაჟა გიჟდება მაგაზე. მგონი შორეულ ნათესავად ხვდება. ტვინი გაქვს წაღებული სამსახურში. გაივლის, გამოივლის და გვტყორცნის რაიმე სტრიქონს, მთელმა განყოფილებამ ზეპირად იცის. ერთი ქალი ჰყვარებია, მზექალი, ადრე მომკვდარა და კარგი ლექსები აქვს იმ ქალზე. წეღან შემხვდა ვაჟა, კარგა მაგრად გამობრუჟული, გამაჩერა და მტყორცნა: `გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე~, _ თან თვალებს აბრიალებდა მოზვერივით. გინდა გითხრა ბოლომდე?
_ მინდა.
მე თვითონ გამიკვირდა, ლექსი რომ ზეპირად ვიცოდი თურმე:
 
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
შენთან მოვდივარ და,
ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი,
რამდენი გეძებე,
რამდენი გეძახე,
რამდენი ვიღვაწე,
ხმა არ გამეც და
უშენობა მეტად ვერ შევიძელი,
რამდენი სათქმელი დაგროვდა,
რომ იცოდე,
მგონი, ათ წელსაც ვერ მოვათავო
ლაყაფი;
გაიღვიძე, კუბო მორთე,
შენს გვერდით მომიწოდე,
ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა.
ხომ იცი, ხალხს და სოფელს
განვერიდე,
მტორავენ ტრფობისა და კენტობის
ვაებანი,
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან
პაემანი?
 
_ ჰოდა, ასე ჩამიბულბულა. ეშმაკსაც წაუღია შენი თავი, მოწყდი აქედან-მეთქი, ვუთხარი. ვერ ვიტან ამ მოთქმასა და მაგათ სიმღერებს სიკვდილზე. ვერ ვიტან საერთოდ ლაპარაკს მკვდრებსა და სიკვდილზე... ე! რა მოგივიდა! შენ რა, მართლა მოიწყინე? კარგი რა! აი, ხომ ხედავ, ტყუილად კი არ მეჯავრება ეგეთი რაღაცები. რა სისულელეა, ხომ არ ტირი?
_ საშინელი ლექსია, _ თქვა და წამოდგა. თვალები გაუშტერდა.
_ საშინელია, აბა რა!
_ ძალიან კარგი ლექსია... საოცარი კაცი ყოფილა, _ მერე დაუმატა: _ მე მიყვარს მკვდრები.
_ კარგი ერთი. ძლივს კარგ ტალღაზე გადაგრთე და ყველაფერი ჩაშალა ამ ლექსმა.
_ არა, _ თქვა და ჩაიმუხლა. ხელები მხრებზე მომხვია და მაკოცა. რაღაცნაირად გამოუვიდა: თითქოს გულამომჯდარი მკოცნიდა, რაღაც განსაკუთრებულად მგრძნობიარედ, ისეთნაირად, თითქოს მისი სიხარული ტირილს ესაზღვრებოდა, თითქოს სულ ცოტა დროღა გვქონდა დარჩენილი და ყველაფერი უნდა მოგვესწრო. ისევ გამიკვირდა. ალბათ, შატილის ბრალია-მეთქი, გავიფიქრე.
მკლავზე მეწვინა... მეორე ხედით მისი ნიკაპი მეჭირა და ნელა ვკოცნიდი. ამაზეც უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაღაც უცნაურობაში შევყავი თავი: სულაც არაფერს არ ვჩქარობდი. ასე მინდოდა გაგრძელებულიყო ძალიან დიდხანს...
წამოჯდა...
მის კაბას მხრებიდან იდაყვებამდე ყავისფერი თასმები ჰქონდა გაყრილი. ეს თასმები ნელა გამოვაძრე. იჯდა. ხელები ჩემს მხრებზე ეწყო. ჯერ ერთი მკლავი გაუშიშვლდა, მერე მეორე და კაბა ჩაცურდა კიდეც. წელთან მოქუჩდა. არ შემიხედავს, ისე მოვეხვიე. წელს ზემოთ არაფერი ეცვა. ესეც გავიფიქრე, მგონი, ავტობუსში. ვიგრძენი, რომ თან მომყვებოდა, თან არა. ბოლო წამებში სულ დამშორდა. რომ ჩათავდა ყველაფერი, ისევ ჩავიხუტე გულში და უკან ხელი დავკარი მსუბუქად, თამაშით: `შენ, შვილო, რაღაც ასაწყობი ჩანხარ ამ საქმეში~.
არაფერი უთქვამს. ესე იგი, სწორი ვიყავი. ამ ამბავმა დამძაბა.
 
_ ბავშვი გყავს?
თავი დამიქნია.
_ ერთი?
ისევ უხმოდ დააქნია თავი.
_ რამდენი წლისაა?
ხუთი გაშლილი თითი სახეზე აიფარა.
_ ქმარი?.. ქმარი... გიყვარს?
თავი გააქნია უარის ნიშნად. მერე თქვა:
_ არა მყავს.
_ როგორ?
_ ისე, _ მხრები აიწურა.
_ მოკვდა?
_ ნწ.
_ გაყრილი ხარ?
_ ნწ.
გავჩუმდი. ისევ რაღაც ცივმა და უსიამომ დამიარა. სიგარეტს მოვუკიდე. გულაღმა დავწექი და მეორე ხელი თავქვეშ ამოვიდე. ვიგრძენი, ერთი-ორჯერ ამომხედა. ხელი გავიწოდე და თავზე გადავუსვი.
_ ახლა ვისთან არის ბავშვი?
_ დედაჩემთან და ჩემ დასთან. ძირითადად იმათთან არის. მე არ მანდობენ, _ გაეღიმა.
_ შენ რას აკეთებ?
_ ვხატავ.
_ ის... გიყვარდა?
_ მომწონდა... იმას ვუყვარდი.
_ რატომ დაშორდით? შეეშვი მაგ მხრების აჩეჩვას.
_ არ შემეძლო მასთან... მივხვდი, არ შემიყვარდებოდა...
_ რატომ გააჩინე?
_ უფლება არ მქონდა? _ მკითხა გაბზარული ხმით: გაღიზიანდა. მერე მოლბა და დაუმატა: _ არ შემეძლო მოშორება... მზარავს ეგ... ალბათ, ვერასოდეს ვერ მოვიშორებ... მზარავს...
_ აბა, რამდენჯერაც იქნება... იმდენჯერ უნდა გააჩინო?
_ გაიცინა. ისევ მხრები აიწურა.
_ არ ვიცი, არაფერი არ ვიცი... არ ვფიქრობ... რაც არ შემიძლია, არ შემიძლია. არ ვფიქრობ... ბევრი რამ არ შემიძლია...
_ რა ჰქვია ბავშვს?
_ ელენე.
_ შენა გგავს?
_ მე მგონი...
ჩუმად ვიყავით. ნაღველი შემომაწვა.
_ ვერ წარმომიდგენიხარ ფეხმძიმე.
_ ვერც მე წარმომედგინა, _ სევდიანად გაიცინა და მხარზეც რაღაც სევდიანად მაკოცა. მერე მითხრა:
_ იცი, როდის გნახე პირველად?
_ როდის?
_ ამ შემოდგომაზე. ნოემბრის ბოლოს. თქვენთან ვიყავი სამსახურში. ამხანაგისთვის რაღაც წიგნი მჭირდებოდა და ვიფიქრე, იდას ექნება-მეთქი...
_ იდა შენი მეგობარია?
_ არა. ჩემი დის მეგობარია. ჩემმა დამ მითხრა, იდასთან მიდი, იმას ექნებაო. იდამ მითხრა, მე არა მაქვს, აქ კი აქვს ერთს, მაგრამ იმას ვერა ვთხოვო, და თავით შენზე მანიშნა. შენ მაგიდაზე იჯექი, კედელს მიყრდნობოდი და ფანჯარაში იყურებოდი. სიგარეტს ეწეოდი... არ ვიცი, რატომ ვერ გთხოვდა, `რა ჯავრიანი თვალები აქვს~, _ ვუთხარი იდას. `ჯავრიანი?~ _ მკითხა და მერე ჩაილაპარაკა: _ `ჯავრიანი არა, ის...~ `ცოლი ჰყავს?~ _ თვითონვე გამიკვირდა, ეს რომ შევეკითხე. შემომხედა და მიპასუხა: `ცოლიც, შვილებიც... საერთოდ, არაფერი არ აკლია~. მერე ხშირად ვფიქრობდი ხოლმე შენზე.
_ რა წიგნი გინდოდა? _ რატომღაც დავინტერესდი, თან იდას სიტყვები გავიმეორე გულში: `არაფერი არ აკლია~.
_ ვიღაც გერმანელი ავტორის წიგნია. მგონი, წყლის მიწისქვეშა მარაგს ეხება, თუ არ ვცდები... ამ მიწისქვეშა მდინარეებზე ძალიან საინტერესო აზრები ჰქონია. სათაური დამავიწყდა. ჩემი ამხანაგი მიხსნიდა.
_ ჰო. ვიცი. მაქვს. ვინ არის ის შენი ამხანაგი?
_ ერთი გოგოა. ბულეიშვილია და `ბულეის~ ვეძახი. ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და ისე მოგიყვება, რომ შენც გაგაგიჟებს. წყლისა და მნათობების კავშირი დიდი საიდუმლოაო, ერთხელ მითხრა. ვისაც კი რა უთქვამს ამქვეყნად წყალზე, სულ ამოწერილი და შეგროვილი აქვს. მეც ერთიხანობა სულ წყალს ვხატავდი და მეუბნებოდა, ბრწყინვალეაო...
_ ჰო, _ ვთქვი ჩემთვის, _ წყალია ყველაფერი, თავი და თავი.
_ თალესიც მაგ აზრისაა, _ გაიცინა.
მეც გამეცინა. უცებ სახე გაუშტერდა და პირი დააღო. წამოჯდა კიდეც.
_ ე!
_ რა?
_ თალესზე არ ამბობენ, პატარა დათვის თანავარსკვლავედი აღმოაჩინაო?
_ რა იცი?
_ მახსოვს. სადღაც წავიკითხე, მას მიაწერენო, თუ მან დაარქვა ეს სახელიო... რა უცნაურია.
_ რა არის უცნაური?
_ რა ვიცი... _ ისევ გულდაღმა დაწვა, სახით ჩემკენ.
_ პატარა დათვი მე აღმოვაჩინე, _ ვუთხარი და ჩავეხვიე. თმა აუწიე და კისერზე ვაკოცე. _ წყალს კი აღარაფერი ეშველება, დამიჯერე, ვარსკვლავებით თავის გაცხელება არა ღირს, მაგის დრო ახლა არ არის...
_ ჰოო? _ იკითხა ჩურჩულით, _ აბა, რისი დროა?
 _ ამისი, _ ვაკოცე. _ წუთების. წუთები უნდა შეაგროვო, რამდენიმე წუთი მაინც, რომ თან წაიღო, სუვენირად... ამქვეყნიდან გუდა-ნაბადს როცა აიკრავ. რამდენი წლისა ხარ?
_ ოცდაშვიდის. შენ ორმოცდაორის, ხომ?
_ საიდან იცი?
_ იდას ვკითხე.
_ წინა ზაფხულს სად იყავი? _ იდაზე გამახსენდა.
_ ზღვაზე. მაგრამ ავად გავხდი... მთელი თვე ვიწექი მერე საავადმყოფოში...
_ რა დაგემართა?
_ არ ვიცი... სიცხეები მქონდა, სუსტად ვიყავი... მერე გამიარა. თქვენთან რომ მოვედი სამსახურში, ერთი-ორი კვირის გამოსული ვიყავი საავადმყოფოდან...
არა, რა თქმა უნდა, უკვე მიყვარდა. შეიძლება, უკვე გზაშიც მიყვარდა, აზრზე არა ვარ, არაფერი აღარ მესმის, მგონი, პირველად რომ შევხედე, მაშინვე მიგრძნო გულმა რაღაცა... იმიტომაც ვარიდებდი თავს.
Read more from the September 2018 issue
Like what you read? Help WWB bring you the best new writing from around the world.