Skip to content
Words Without Borders is one of the inaugural Whiting Literary Magazine Prize winners!
from the September 2018 issue

მესხის ვს. მესხის

„ემბრიონს აქვს სპეციალური სტატუსი, იგი არის არა ადამიანი, არამედ პოტენციური ადამიანი და იმსახურებს პატივისცემას“.
უორნოკის კომისია
კანონი „ადამიანის ემბრიოლოგიისა
და ფერტილიზაციის შესახებ“
 
„პრობლემურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომ­ლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 
ილია II
საშობაო ეპისტოლე

სიზმარი, რომელიც მარიკას რამდენჯერმე ესიზმრა, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდებს დაემთხვა და განსაკუთრებულ მინიშნებად და ინტერმეცოდ იქცა. მარიკა ამას მოგვიანებით გააცნობიერებს. თავდაპირველად კი მხოლოდ სიზმრისეული სურათები და ის უცნაური განწყობა ახსოვს, რომელიც კარგა ხანი მიჰყვება და ძილის ბურანსა და დღის რეალობას შორის დაკიდებულ საქანელაზე რამდენიმე კვირის მანძილზე არწევს. 
პირველი სიზმრის ნახვისას მარიკა გათხოვილი და ჯერ ისევ იმედებით სავსე ქალია. ის ირაკლისთან ერთად ზის მანქანაში და მცხეთისკენ მიიჩქარის. შობის წინა დღეებია, ანუ ის დროა, როდესაც დედა პარასკევასაც ესიზმრა სიზმარი, სადაც წმინდანი გამოეცხადა და შობამდე მის საფლავზე მიმსვლელთ სამი სანუკვარი სურვილის ასრულება აღუთქვა. მოკლედ, ყველაფერი აქაც სიზმრით იწყება. უფრო სწორად, ხილვით, რომელმაც თითქმის მთელი ქვეყანა ააფორიაქა, მცხეთისკენ დაძრა და დედაქალაქიდან ძველ სატახტო ქალაქამდე გაჭიმული მცირე გზა მორწმუნეთა და მეოცნებეთა ავტომობილებით გაჭედა. 
ირაკლის და მარიკას შავი „ლენდ კრუიზერ პრადოც“ ამ კოლონაშია. ისინი უკვე რვა წელია, შვილზე ოცნებობენ და მონაზვნის სიზმარსაც სილოამის საბანელში ანგელოზის ჩამოსვლის ნიშნად იღებენ. 
ქალაქს პირველები ტოვებენ, მაგრამ თბილისიდან
გამოსვლიდან მეოთხე დღეს ისევ მცხეთის შესასვლელთან დგანან და არავინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი დღე ელოდებათ. წინ კუს ნაბიჯებით მიიწევენ. საჭმელს გზადშემხვედრი რესტორნებიდან ეზიდებიან. სხულს სველი ხელსახოცებით იწმენდნენ და ტანსაცმელს მანქანაში იცვლიან. მათ წინ და უკან ჯიპების და სედანების გრძელი კოლონაა. სუსხიანი ქარი ქრის, ცივა და მარიკა ფიქრობს, რომ კორტასარის გმირებს ჰგვანან, მოთხრობიდან – „სამხრეთის გზატკეცილი“. ღამით კი იმ საოცარ სიზმარს ნახულობს. ესიზმრება, თითქოს სულ სხვა დროსა და სივრცეშია. ხედავს გრძელ, მთვარის შუქით განათებულ, ხრიოკ და უცნობ გზას, რომელსაც შავ მოსასხამებში გახვეული კეთროვნები და ხეიბრები მიუყვებიან. თავადაც მათ შორისაა – მათსავით გლახაკი და მომაკვდავი. სიზმრის სიჩუმე დოლბის სისტემის კინოთეატრების მგრძნობიარე დინამიკებში უეცრად გამორთული ხმაურივითაა. საპყართა არმია ნელა და თავდახრილი მიაბიჯებს. მარიკაც მხოლოდ წინმიმავალთა ფეხის ტერფებს ხედავს. გზის ბოლოს ბოსელი დგას. ბოსელში სხვებთან ერთად, ვიღაც უხილავის კარნახით შედის და ხედავს, რომ ბაგაში ცხვრების ნაცვლად ექიმი იესო წევს, რომელსაც ჩვილი ბავშვის სახე აქვს და ყველა მათგანს ღიმილითა და თავზე ხელის დადებით კურნავს.
თვალს რომ ახელს, გზატკეცილს მართლაც ანათებს მთვარის შუქი, სიჩუმეს დეკემბრის ცივი ქარის ზუზუნი და საპატრულო პოლიციის მანქანის სირენის ხმა არღვევს. მარიკას მანქანის სალონში მოუხერხებელი ძილისგან კისერი სტკივა. სიზმრიდან გამოყოლილი სურათები ცხადში ბოლომდე დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. გაოგნებული უცქერის მთვარიან და მანქანებით გაჭედილ ვიწრო ქუჩას. მერე ირაკლის აღვიძებს და სიზმარს უყვება. ეუბნება, რომ ქრისტე ნახა. ეს კი ალბათ იმის ნიშანია, რომ საფლავზე შესვლას მოახერხებენ და აუცილებლად ეყოლებათ შვილი. ირაკლი გამოუძინებელი და გატანჯული სახით უქნევს თავს, მანქანის სავარძელზე გვერდს იცვლის და რაღაცას ბურტყუნებს. ახლა ის ყველაზე ნაკლებად ჰგავს ბავშვის გამკეთებელ კაცს. 
მარიკას ვარაუდის პირველი ნაწილი მალევე მართლდება. იმ დღესვე ირაკლი თანაკლასელს, მამა ვასილს (ერობაში ვასკას) ნახულობს, რომელიც შუაღამით მათ დაკეტილ საფლავზე შეაპარებს. მარიკას სხვებისგან განსხვავებით მთელი ღამე აქვს. მარიკა საფლავზე სრულიად მარტოა და, რა თქმა უნდა, რჩეული. საფლავზე წვება. წვება მუცლით. სახეს მიწაში რგავს და თბილი მიწიდან საკუთარი თუ წმინდანის გულისცემა ესმის. ცივა. ყინავს. თავზე სწორედ ის დიდი ვერცხლისფერი მთვარე დაჰნათის. ჯადოსნური ღამეა და მარიკასაც ეჩვენება, არა, კი არ ეჩვენება, ნამდვილად ასეა... საფლავიდან წმინდანის უხრწნელი ხელი ამოდის და მარიკას გაყინულ თითებს ეხება.
მას შემდეგ, რაც მარიკას ცივი თითები, სუსტი სხეული და მერყევი სული წმინდანის ხელს ეჭირა, საკმაო დრო გავიდა. სიზმრის მეორე ნაწილი არ ამხდარა, რადგან, მარიკას აზრით, ირაკლის და მას მოთმინება, უფრო სწორად, რწმენა არ ეყოთ. მათი შვილი ქვეყანას ჯერ არ მოვლენია. არავინ იცის, გაჩნდება თუ არა საერთოდ. მარიკას და ირაკლის განქორწინების შემდეგ მათი ინ ვიტრო  განაყოფიერებული ემბრიონი სინჯარაშია კონსერვირებული. დედის სურვილია, ის ცოცხალ ადამიანად იქცეს, მამის – არასდროს გაჩნდეს. ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.


მარიკა
ფარდებჩამოფარებული ფანჯრების იქით კარგა ხნის გაღვიძებული ქალაქის ხედი იშლება. მრავალსართულიანი კორპუსების უსწორმასწორო ერთიანობა, ორიგინალური ლანდშაფტი და ქვაბულებზე ამფითეატრივით შეფენილი ძველი უბნები ქალაქს დროის მდინარებაში ჩაკარგულ და ორაზროვან იერს ანიჭებს. სექტემბრის ნათელი და ცხელი შუადღეა. მაცხოვრებელთა ნაწილი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა შვებულებიდან, ნაწილს კი ისევ მოჰყვება განვლილი ზაფხულის სიმსუბუქე და უდარდელობა.
ზემო სართულზე ვიღაც ბახის საფორტეპიანო კონ-
ცერტისთვის დაწერილი ვარიაციების შესრულებას ცდილობს. მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისთვის ფორტეპიანოს გაკვეთილებს მეზობელი, რომელიც მარიკას თვალით არასდროს უნახავს, სადღაც შუადღის პირ­ველი საათისთვის იწყებს და ეს ის დროა, როდესაც მარიკას დღე იწყება. გაუწაფავი ხელით ფორტეპიანოზე დატყაპუნებული და შეცდომებით სავსე კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები მარიკას მაღვიძარაა და ისიც თვალებს ახელს. ჯდება, შიშველ ფეხებს დივანზე აწყობს და სხვა სამყაროდან მოსულის თვალებით აშტერდება ოთახის კედლებს. კედლები თეთრია და ცარიელი. თუ არ ჩავთვლით ერთადერთ ფოტოს, სადაც ისევ მარიკაა გამოსახული. ამ ფოტოზე ის ღია ვერანდაზე დგას, იდაყვებით ხის მოაჯირს ეყრდნობა, მოკლე, ყვავილებიანი კაბა აცვია, თმაგაშლილია და იცინის. მის უკან მაღალმთიანი მთების პეიზაჟია. ფოტოგრაფს კადრი ისე დაუყენებია, რომ ნატურა მთების ფონზე მთელი ტანით გამოჩნდეს და არც ფონი დაიჩრდილოს, არც მთებს წაეკვეთოს მწვერვალები. მოკლედ, წარმატებული ფოტოა. მით უფრო, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფის კი არა, ირაკლის მიერაა გადაღებული. ირაკლი კადრს მიღმაა, უხილავი და, ამავე დროს, მოქმედი. ის რომ არა, ეს ფოტო არ იარსებებდა, არც ამ კედელზე იქნებოდა ჩამოკიდებული და ალბათ არც მარიკა იარსებებდა, როგორც ასეთი. მარიკას წარსულის ეს კადრი და თავად ბედნიერი და მოღიმარი მარიკაც იმ დროსა და სივრცეში ირაკლის მიერ არის შექმნილი. 
ფოტო ზედმიწევნით ასახავს მარიკას ახლანდელი ყოფის არსსაც. მარიკას წარსულის შემოქმედი და ამჯერადაც უხილავი ირაკლი მის ყოველდღიურობას ძველებურად მართავს. რადგან ფოტო ისეთ ადგილას ჰკიდია, რომ მარიკას თვალთახედვის არეში მუდმივად ხვდება, გულის არეშიც ყოველწამიერი და მტკივნეული დარტყმები გარანტირებულია. ეს ჰგავს ერთგვარ რეფლექსიას, როდესაც რაღაც მძიმე და გარდაუვალის მუდმივი გაცნობიერება ხდება და როდესაც „მემენტო მორის“ მსგავსად მარიკასაც განუწყვეტლივ ჩაესმის სიტყვები: „გახსოვდეს, მიგატოვა!“, ან „იცოდე, უბედური ხარ!“ 
„რა უბედური ვარ“, – ფიქრობს მარიკა და სამზარეულოში გადის და გაზქურაზე ჩაიდანს დგამს. ჭიქაში ყავას ყრის, მაცივრიდან ყველს იღებს და ღუმელში შემთბარ კრუასანს უგემურად ღეჭავს. საიდანღაც გამომძვრალი კატა მაგიდაზე ხტება და მაცივარში იჭყიტება.
მარიკამ Aმერიცან Kეუდა-ს ჯიშის ფისო ირაკლისთან დაშორების მერე მოიყვანა და რადგან უმალ კემელების ქალღმერთს – ბასტეტს  მიამსგავსა, ეს სახელი დაარქვა.
ირაკლის სახლის ცხოველები სძულდა, რადგან ფიქ­­რობდა, რომ ოჯახის ახალი წევრი იმ უშვილო და ბედსშეგუებულ წყვილებს დაამსგავსებდათ, ბავშვებს რომ ცხო­ველებით ანაცვლებენ და არარეალიზებულ მშობ­ლიურ სითბოს მათ ყურებდაცქვეტილ და პრიმიტიულ თავებს დაატეხენ. საბრალო ბასტეტს კი არარეალიზებულ სითბოსთან ერთად მარიკას მთელი დრამა დაატყდა თავს. ისიც თანამგრძნობი თვალებით უყურებდა საათო­ბით მოქვითინე ახალ პატრონს და დამამშვიდებელი კრუტუნით იწმენდდა მარიკას ცხელი ცრემლისგან დასველებულ ბეწვს...
ზემო სართულზე მუსიკალური თემა იცვლება. შოპენის მელანქოლიური მელოდია ბლანტი ნაღველის იმ მდინარეს წააგავს, ცეცხლოვან ვნებებს რომ გადაუვლის, გადარეცხავს და მღელვარე გულსაც უცნაურ წებოში ამოავლებს. განცდას, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გაივლის და ყველაფერი სულერთი გახდება, შხაპქვეშმდგარი მარიკასთვის შვების ნაცვლად სევდა მოაქვს. რა ცუდია, რომ სიყვარულის ბოლო გაბრძოლება – სიძულვილიც მოკვდება და სახეჩამოგრძელებულს და გაშეშებულს განურჩევლობის რბილ ნისლში ყვინთვის გარდა აღარაფერი დარჩება. აქედან იწყება დავიწყება. მარიკას კი არ უნდა დავიწყება. არ უნდა, ირაკლი წარსულს გაატანოს და ახალს დაელოდოს. ვიღაც სხვა, ახალი და უცხო მიიღოს, მაშინ, როდესაც რაც თავი ახსოვს, ირაკლი ჰყავდა. მაშინ, როდესაც ამ სიყვარულს შესწირა ამდენი წელი. მაშინ, როდესაც უკვე არსებობს მათი შვილის ჩანასახი – სინჯარაში განაყოფიერებული და გაურკვეველი ვადით გაყინული პრეემბრიონი. გენეტიკური კოდის მატარებელი პრეზიგოტა, რომელშიც უკვე განსაზღვრულია სქესი, თვალის, კანისა და თმის ფერი, სახისა და ტანის ფორმები, ავადმყოფობებისადმი მიდრეკილება და ტემპერამენტიც კი. პატარა მიკროჩიპი, რომელიც ატარებს ინფორმაციას. სიცოცხლე, რომელიც სწორედ ირაკლის მონაწილეობით არის მოვალე, გაჩნდეს და მარიკაც და მისი სიყვარულიც დავიწყებისა და გაქრობისგან იხსნას.
მარიკა ტანს იმშრალებს და აბაზანის კედელში ჩად­გმულ ფერად ორნამენტებს უყურებს, რომელსაც საფუძ­ვლად კლიმტის ფერწერული ესთეტიკა უდევს. დეკორი მარიკამ და ირაკლიმ ერთად შეარჩიეს სანტექნიკის მაღაზიაში, სადაც ყველაფერი ხელოვნების ყოველდღიურ ყოფაში თანაარსებობის პრინციპითა და პრეტენზიით იყი­დებოდა. მაღაზიის მეპატრონეს გალერეის მფლობელის გარეგნობა ჰქონდა, კონსულტანტი გოგო კი აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ლექტორის ენით საუბრობდა. ცხადია, პროდუქციის შემქმნელებს ნუვორიშების მისაზიდად მხოლოდ ძალიან ცნობილი ფერწერული ნამუშევრები აერჩიათ. სტილის კულმინაციად კი ალბათ უნიტაზები უნდა მიგვეჩნია ვან გოგის „მზესუმზირების“ პრინტით. მარიკამ მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ლოზუნგი „ხელოვნება ხალხისათვის“ საბოლოოდ ჩეჩმების მოხატვის თავისუფლებასა და განავლის გაკეთილშობილებას გულისხმობს. და მართლაც, ხელოვნების რომელი იდეა უნდა იყოს დეფეკაციის პროზაული პროცესის გალამაზებაზე უფრო ჰუმანური?
ირაკლის უნიტაზები არ მოეწონა, არც შაგალის სიყ­­-
ვა­რულით მფრინავი წყვილით მოხატულ აბაზანაზე დარ­ჩენია თვალი, არც პიკასოს კუბისტური სარკეებისა და ვიტრაჟებისთვის მიუქცევია ყურადღება. მისი არჩე­ვანი მხოლოდ კლიმტი იყო. ფერადი, მაგრამ იმ გარემოში ყველაზე მოკრძალებული და საყოფაცხოვრებო დიზაინზე ყველაზე მისადაგებული კლიმტი. უთუოდ დასაფასებელი არჩევანი იყო. 
ფორტეპიანოზე ახლა უკვე სწრაფ, აჩქარებულ მელოდიას უკრავენ. მარიკა ავტორს ვერ ცნობს. შესაძლოა, სულაც სავარჯიშო ეტიუდებია. შემსრულებელს ტაქტი ერევა, მელოდია სადღაც შუა გზაზე უწყდება და კვლავ უბრუნდება. კვლავ არასწორი ბგერა. მცირედი პაუზა და ჰარმონიის შექმნის მცდელობა ისევ თავიდან იწყება.
ბასტეტს თეფში მოუსუფთავებია და ფანჯრის რაფაზე ზის. მისაღებ ოთახში საათი წიკწიკებს, რომელიც მარიკას ახსენებს, რომ ერთ საათში ადვოკატს უნდა შეხვდეს. კარადიდან ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური გამოაქვს, პრაქტიკულად ის, რაც ხელთ ხვდება. თეთრ კედებზე ზონარს იკრავს. აწეწილ თმას ივარცხნის და სარკეში საკუთარ სახეს, ნაღვლიან თვალებსა და გამხდარ ლოყებს უცხოსავით აკვირდება. ამ ტანსაცმელში საერთოდ პატარა გოგოს ჰგავს. გარეგნობა მატყუარაა. მის სხეულში კარგა ხანია დაწყებულია რეგრესისა და კვდომის პროცესი. გარდა იმისა, რომ მის საშვილოსნოს არ აქვს ნაყოფის მიმაგრებისა და ტარების უნარი, უჯრედებიც თანდათან სულ უფრო და უფრო ნაკლებ ესტროგენს გამოიმუშავებს. უკვე ოცდათვრამეტი წლისაა. მენოპაუზამდე შედარებით შორია, მაგრამ რეპროდუქციული ასაკი სულ რამდენიმე, საუკეთესო შემთხვევაში, ოთხი-ხუთი წელი თუ გასტანს. ახალი სიყვარულის (თუკი მსგავსი რამ საერთოდ არსებობს) პოვნას კი გაცილებით მეტი დრო სჭირდება. 
 

ირაკლი
ირაკლი რეპროდუქციული ცენტრის მისაღებში ზის და განცხადებას წერს:
„მოქალაქე ირაკლი მესხის განცხადება...“
წინ სააპლიკაციო ფორმები უდევს, სადაც მოქალაქეები შთამომავლობის გაგრძელებაში ცენტრის დახმარებას ითხოვენ, რომელიც ერთხელ უკვე შეავსო, ახლა კი პირიქით, ამ დახმარების უგულვებელყოფა და უკან წაღება სურს.
წინ ფურცელი და მუყაოს ჭიქით ყავა უდგას. ზურგსუკან კი უზარმაზარი მაცივრები სინჯარებში გაყინული პრეზიგოტებითაა სავსე. ემბრიონებით, ადამიანური სიცოცხლეებით, რომელთაგანაც ზოგს უწერია დაბადება, ზოგს კი – არა. ირაკლის აქაურობა რაღაცით აგონებს გარდაცვლილი სხეულებით სავსე მორგს, რომელთაგან ზოგიერთის სულს უწერია სასუფეველში მოხვედრა, ზოგიერთს – არა.
მოკლედ, ყველაფერი მეტისმეტად ბანალურია და მეტისმეტად აბსურდულიც. ადამიანები ანთროპოლოგიურ ლაბირინთში გზააბნეული პრიმატები არიან, რომელთაც საკუთარი სურვილების მართვის ნაცვლად გაუვალი გენეტიკური ჯუნგლი მიიღეს. ამის დასტურად სამყაროს ამ უზარმაზარ საშვილოსნოში გატარებული რამდენიმე საათიც საკმარისია. საკმარისია გაიცნოთ თუნდაც ახლახან შემოსული ის ლესბოსელი წყვილი, რომელთაც სუროგატი დედა აიყვანეს. ამგვარად, თუ ინ ვივო  განაყოფიერება წარმატებით განხორციელდა, უახლოეს ცხრა თვეში დაიბადება ბავშვი, რომლის გაჩენაშიც მონაწილეობა მიიღო სამმა ქალმა, ერთმა მამაკაცმა და ერთმაც სინჯარამ. ან ის ქვრივი ქალი, ლაბორატორიას მწუხარე სახით რომ მიაბარა გარდაცვლილი მეუღლის სპერმითა და საკუთარი კვერცხუჯრედით შექმნილი, ნიტროგენის ხსნარში მოთავსებული და მინუს 196 გრადუსზე გაყინული პრეემბრიონი და ექიმებთან საიქიოდან განაყოფიერებული სიცოცხლის გაჩენის სასურველი თარიღიც შეათანხმა...
ირაკლის გული უწუხს. სურს, სწრაფად დატოვოს აქაურობა და აღარასდროს გაიხსენოს. ან თავის დროზე რამ მოიყვანა აქ. როგორ მოხდა, რომ მარიკას დაჟინებულ თხოვნას დაჰყვა და საკუთარი გენეტიკა, სისხლი, სპერმა ამ სიგიჟისთვის გაიმეტა? უკვე იმაშიც დარწმუნებულია, რომ ასე გაჩენილი ბავშვი ნორმალური არ იქნება. სხვა ღვთისგან მოვლენილებივით, უკვდავი სული არ შთაებერება. პლასტმასის გული და შუშისთვალა თოჯინასავით გაყინული მზერა ექნება. 
„მოვითხოვ, არ დაუშვათ ჩემი, ირაკლი მესხისა და ჩემი ყოფილი მეუღლის, მარიკა მესხის გასული წლის 30.06-ში, სინჯარაში განაყოფიერებული ემბრიონის კრიოპრეზერვაცია...“ – წერს. 
განცხადებას ხელს აწერს. ახლა ექიმს უნდა დაელოდოს. რამდენიმე შეკითხვა აქვს. მაგალითად, ხომ არ აუყვანიათ უკვე სუროგატი დედა? თუ პროცესს მოიგებს, რამდენ ხანში მოხდება განაჩენის აღსრულება? უკლებლივ ყველა ემბრიონს გაანადგურებენ თუ არსებობს შანსი, მოსარჩელე მხარემ რამე მაქინაციები ჩაატაროს და მისი სპერმის მონაწილეობით შექმნილი ბავშვი სადღაც როგორღაც და მაინც გაჩნდეს?
ირაკლის ნამდვილი ბავშვი უკვე არსებობს. ის თათიას მუცელშია და გახშირებული ბიძგების დროს ირაკლი გრძნობს მის ნამდვილ წიხლს, რომელსაც დედის საშვილოსნოს კედელს უბრაგუნებს და მამას ესალმება. ეს საოცრებაა, რომელსაც ამდენი წელი ელოდა. ეს მისი გაგრძელებაა და იმის დასტური, რომ მარადიულად გაგრძელდება.
„დროთა მდინარებაში თავის შენარჩუნების სურვილი უმთავრესია“, – ფიქრობს ირაკლი. ადამიანებს სწორედ ამ ვნებით უყვარდებათ, – შექმნან და გააგრძელონ შთამომავლობა და თუკი ეს არ არის... – ირაკლის აქ ახსენდება შოპენჰაუერი და ის, რომ სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა სხვა არაფერია, თუ არა ერთი დიდი ადამიანური ეგოიზმი, გვარის გენიის მიერ იმ ბავშვის გააზრება, ვინც შეიძლება გაჩნდეს ამ წყვილისგან. 
ან რა ამაღლებულად წერდა!
„არის რაღაც სრულიად თავისებური საიდუმლო იმ ღრმა ქვეშეცნეულ სერიოზულობაში, რითაც ქალ-ვაჟი ათვალიერებს ერთმანეთს პირველი ნახვისთანავე, იმ გულმოდგინებაში, რითიც ისინი აკვირდებიან ერთმანეთის გარეგნობის ყოველ წვრილმანს. შეყვარებულთა მზერის ამ გადაკვეთაში იელვებს ხოლმე პირველი ჩანასახი – მომავალი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ წყვილმა შეიძლება შობოს. ინდივიდი, რომელსაც ესწრაფვის მსოფლიო“.
ეს გადაკვეთა ბოლოს და ბოლოს მასთანაც მოხდა. იმ მშვენიერ საღამოს, როდესაც თათიას შეხვდა. ირაკლის იმ დღის ყველა წვრილმანი ახსოვს: აგვისტოა. გეგას დაბადების დღე. თვითონ მარიკას გარეშეა. თათია კი მეგობარ გოგონებთან ერთად. სუფრაზე მის წინ ზის. თმას ისწორებს. უღიმის. მონაცემები იდეალური აქვს: ათი წლით უმცროსი. სავსე მკერდი. გლუვი კანი. თეთრი, ჯანსაღი კბილები და საერთოდაც ჯანსაღი.
„როგორც ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში“, – ფიქრობს ირაკლი, როდესაც საცეკვაოდ გაჰყავს და წელზე მკვრივ ხორცს უსინჯავს. თათიას წელს ქვემოთ მრგვალი თეძოები ერკალება, მხრებზე ოქროსფერი (თუნდაც შეღებილი) თმა აყრია – ნამდვილი ნაყოფიერების ქალღმერთია და მათ მზერაში იკვეთება კიდეც პირველი ჩანასახი – ის მომავლის ადამიანი, რომელიც მხოლოდ მათ შეუძლიათ შობონ.
ურთიერთობაც იოლად ეწყობა. მარიკას ეჭვიანობა თავში არასდროს მოსვლია. ირაკლიც თავისუფლად წერს თათიას მესიჯებს, ურეკავს, კინოში ეპატიჟება, საღამოებს ერთად ატარებენ. თათიას დანახვისთანავე სხეული ეჭიმება, მთელი ეს ალქიმია, ენდორფინების და კოტრიზოლის დიდი დოზა ტვინში ურტყამს, აზრებს და გზებს ურევს. ეს ბუნებრივია, რადგან მათ შორის არსებობს ის მიზიდულობა და მაგნეტიზმი, რასაც სწორედ მათ მიერ შესაქმნელი მომავლის ადამიანი განაპირო­ბებს. 
ნეტა მარიკასთანაც ასე იყო? ირაკლის აღარ ახსოვს. როცა შეუღლდნენ, თითქმის ბავშვები იყვნენ. ყველაფერი რიტუალების დაცვით მოხდა. გაცნობა, მშობლები, ნათესავები, ნიშნობა, ქორწინება, სახლის მოწყობა, მანქანის ყიდვა, წვეულებებზე სიარული, დღეეები და ღამეები, ღამეები და დღეები, ერთმანეთის მსგავსი და მსგავსი ერთმანეთის. ბავშვი არ გაჩნდა. არ აახმაურა და არ შექმნა მათი ახალი ცხოვრება. სხვაც ბევრი არაფერი ცვლიდა მდორე რუტინას, მარიკა კომფორტული იყო, მაგრამ მოსაწყენი, ერთ ქვასაც კი არ ჩააგდებდა ყოველდღიურობის მშვიდ მდინარეში, რომ რაღაცით მაინც აეღელვებინა, აეჩქარებინა ან კალაპოტიდან დროდადრო მაინც გადაეყვანა ყოფის ჩვეული სვლა. თათია კიდევ მოთამაშეა. მოუსვენარი, მჩქეფარე, ემოციური, ხან მხიარული, ხან გაბუტული, მისი ხასიათის ამპლიტუდაც მისი მღელვარე მკერდივით ადი-ჩამოდის, მარტის ამინდივით იცვლება, მოღრუბლულობა და ქარიანობა დაკარგვის შიშს უქმნის, რაც კიდევ უფრო აგიჟებს და ახელებს, მზიანი დღეები ახალი გზნებით აბრუნებს, აბრუებს და ათრობს. თათიასთან არაფერია პროგნოზირებული. გარკვეული, ცხადი. 
საწოლში ვნებიანია, ცხელი, სველი. ავხორციც.
საწოლში? საწოლში მალე აღმოჩნდნენ, თუმცა ირაკ­ლის ეჩვენება, რომ პირიქით, დიდი დრო გავიდა, სანამ თათიას აგვისტოში მზემოკიდებულ შიშველ სხეულს სექტემბრის ღამეს მოუსინჯავდა, მკერდს მუშტებს შორის მოიქცევდა და სხვადასხვა რეგისტრში ააკვნესებდა. სექტემბრის იმ ღამეს ირაკლიმ მარიკას უთხრა, რომ ბი­ჭებ­თან ერთად დასალევად მიდიოდა. ასეც იყო, მაგ­რამ კლუბში ბიჭებთან ერთად თათია და მისი მეგობარი გოგოებიც იყვნენ. დალიეს და იცეკვეს, იცეკვეს და დალიეს. ირაკლის მთელი სხეული უფეთქავდა, ისე უნდოდა ის გოგო, თათია ცეკვავდა და ირაკლის ეჩვენებოდა, რომ ყველა ბიჭს მასავით უნდოდა ის გოგო. ამიტომ მალე წავიდნენ, სახლში გააცილა, ზედ სახლის კარამდე მიაცილა და იქ აღმოჩნდა, რომ თათია სახლში მარტო იყო. 
სახლში შევიდნენ. თათიამ ღვინო დაუსხა. ირაკლიმ აკოცა. ლიფი შეუხსნა და მშვენიერი სხეული გაუშიშვლა. ირაკლიმ მარიკასთან ამდენი წელი ისე იცხოვრა, რომ ისიც კი ვერ გაიგო, როდის ჰქონდა მარიკას ორგაზმი, ან ჰქონდა თუ არა საერთოდ, თათიასთან კი ორგაზმი ისეთი რეზონანსულია, როგორც ატომური ბომბის აფეთქება. ისეთი ხანგრძლივი, როგორც წვიმების სეზონი მაკონდოში და ისეთი მრავალჯერადი, როგორც სამფერა კატის სიცოცხლე.
მარიკა ქალიშვილი იყო, თათია – არა. ირაკლი ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ არაქალიშვილს შეიყვარებდა, მაგრამ თათიამ უთხრა, რომ ეს პატარა ქირურგიული ოპერაციის შედეგია, რომელიც თინეიჯერობაში გაუკეთეს. ამის მოწმეა დედა, რომელმაც მაშინ ექიმს ცნობა დააწერინა. ირაკლი შტერი არ არის, რომ მსგავსი რამეები იოლად დაიჯეროს, მაგრამ ის, რაც გინდა დაიჯერო, უფრო ადვილი დასაჯერებელია, ვიდრე საკუთარი პრინციპების ღალატი თუ არსებული წარმოდგენების შეცვლა. 
ვიდრე ცოლად მოიყვანდა, ირაკლიმ ცნობაც ნახა. ცნობა იმ პროვინციული ქალაქის კლინიკიდან იყო გაცემული, სადაც თათია დაიბადა და გაიზარდა. ირაკლის შეუძლია კლინიკა, თუკი ასეთი მართლაც არსებობს, მოძებნოს და ალბათ იმ ექიმსაც, მისი გაურკვეველი ხელმოწერის მიუხედავად, მაინც მიაგნოს, მაგრამ ასეთ რამეს არასდროს იკადრებს. თანაც თუ თათია ირაკლის მოტყუებას მოინდომებდა, უფრო ნაღდს მოიფიქრებდა და საქალწულე აპკს გაიკერავდა, მაგრამ ასეთ რამეს არც თათია იკადრებს.
ასე რომ, ის თათიასთვის პირველი მამაკაცია. თათიას ქალური და სექსუალური ბუნება ირაკლის ხელში იძერწება და იქმნება, სხეული იფურჩქნება, იშლება და დედობისთვის ემზადება. სულ რამდენიმე თვეში კი ის დროც დადგა, როდესაც თათიამ ირაკლის ორი მაგიური სიტყვა „ფეხმძიმედ ვარ“ – უთხრა...
თათიამ ეს სიტყვები სრულიად ჩვეულებრივად წარმოთქვა. უფრო სწორად, ტუალეტიდან გამოსძახა. მაშინ, როდესაც ტესტ-ჩხირს დახედა და ზედ ორსულობის დასტური – ორი წითელი ხაზი დაინახა. მარიკა ყოველთვის წინასწარ გამოთქვამდა საკუთარ ეჭვს, რომ შეიძლება ფეხმძიმედ ყოფილიყო, ხშირ შემთხვევაში ტესტსაც ერთად ყიდულობდნენ და მერე ანალიზის პასუხსაც გულისფანცქალით ელოდნენ. ორი წითელი ხაზი – ეს ის საოცარი ფოკუსი იყო, რომელიც მათ თანაცხოვრებაში არასდროს შედგა. თათიას კი ისიც არ უთქვამს, თუ რამეს ეჭვობდა, ეს ტესტიც როდის ამოაძვრინა და ან ის რიტუალი როგორ ჩაატარა, საიდან იცოდა... მან დამდგარი შედეგი, ვითომც არაფერიაო, ისე გამოსძახა, და ირაკლიმ ვერც კი დაიჯერა, რომ ის დიადი საქმე, რომლისთვისაც ორმა ადამიანმა, კუპიდონმა და ყველა ღმერთმა ერთად იღვაწა, აღსრულდა! 
ირაკლი უბედნიერესი ადამიანი იყო. ახლა მიხვდა, რას ნიშნავს მეცხრე ცაზე ყოფნა. უნდოდა მთელი ქვეყნისთვის ეხარებინა, რომ მალე მამა გახდება, რომ მალე მისი შვილიც იარსებებს, ნამდვილად მისი ჯიშის და გენის, მისი გვარის და მისნაირი.
მარიკას მალევე გაშორდა. ეს იოლი არ იყო. ცრემლები, გულისწასვლები, ტრაგედიები... მძიმედ გადასატანი დღეები იყო, მაგრამ ამას კი არა, რას არ გაუძლებდა, როდესაც გვერდით ფეხმძიმე თათია ჰყავდა. 
მარიკას და ირაკლის ერთადშექმნილი ქონება ორად გაიყო. დიდი ბინა მარიკას დარჩა და რადგან ბავშვის მომლოდინე წყვილისთვის აგარაკმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, აგარაკი და მეორე, შედარებით მომცრო ბინა – ირაკლის. ვერ გაიყვეს მხოლოდ ერთადშექმნილი ჩანასახი. ირაკლის აზრადაც არ მოსვლია, რომ ის რაღაც პროცედურა, რომელიც მარიკას ხათრით და მისი გაბმული ზუზუნისგან თავდასაღწევად გააკეთა, ასევე მომავალი სიცოცხლე იყო და არა სპერმისა და კვერცხუჯრედის შენაერთი, რომელსაც როცა გინდა, მაშინ მოიშორებ თავიდან. 
მარიკა აქ სასტიკი და შეუვალი აღმოჩნდა და ემბრიონის გალღობაზე უარი თქვა. არ გაჭრა არაფერმა, არც თხოვნამ და არც მუქარამ. კრახით დასრულდა თანხით მოსყიდვის მცდელობაც. მარიკა ყოველთვის რბილი და დამყოლი ბუნების იყო და ახლა კი კუდი და რქები გამოიბა და ნამდვილ ეშმაკად იქცა. ირაკლის სძულდა მარიკა და მათი ერთობლივი წარსულიც. თურმე ირაკლის საერთოდ არ უნდა აწუხებდეს, თუ მისსავე ქალაქში მის გვერდით მისი შვილი ივლის და იარსებებს. ირაკლისაც სხვა გზა აღარ დარჩენოდა და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. 
ახლა ირაკლი კიდევ ერთ განცხადებას წერს და პრეზიგოტას სუროგატი დედის სხეულში ემბრიონის გადაყვანაზე აცხადებს უარს. ის იმათ ბანაკშია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ჯერ არ არის სიცოცხლე, მეტიც, ეს სრულფასოვანი ემბრიონიც კი არ არის და ვიდრე არ გაღვივდება, ვიდრე ხელ-ფეხს არ გამოისხამს, ეს უბრალო მაქინაციაა, თანამედროვე ანთროპოლოგიური ლაბორატორიის მორიგი ექსპერიმენტი.
ღამდება. მაგრამ ისევ ცხელა. ნიავი ოდნავადაც არ არხევს კლინიკის ეზოში დარგული ალვებისა და ნაძვების წვეროებს. ირაკლი თავს სწევს და ფანჯრისკენ იყურება. მინებზე ეზოს ფარნების სინათლე ირეკლება, რომლებიც ციცინათელას პრინციპით ინთებიან და ქრებიან. ინთებიან და ქრებიან ისევე, როგორც მომავლის უცნობი სულები დნმ-ის ფირფიტებზე. ექიმი მალე მოვა და მის განცხადებას წაიღებს, იმედი აქვს, რომ ასევე მალე ამ განცხადებას დააკმაყოფილებენ და ირაკლიც აქაურობისგან და აქ შექმნილი კოშმარისგანაც სამუდამოდ გათავისუფლდება.


მარიკა
ადვოკატთან შეხვედრიდან გამოსული მარიკა ორ მეგობართან ერთად კაფეში ზის. დაქალებიდან ერთი გათხოვილია და ქმარშვილიანი, ერთიც – შეყვარებული და ბედნიერი. სახეები მხოლოდ მარიკას სვე-ბედის გამო დამწუხრებიათ. მეგობარს დახმარება და თანადგომა სჭირდება. მათ უკვე ისადილეს და პარალელურად ირაკლის ახვრობის თუ თათიას წაკლობის მრავალმხრივი ასპექტები განიხილეს, მაგრამ მარიკას ეს არ აინტე­რესებს. ყოფილი ქმრისა და მისი ცოლის ლანძღვა-
განქიქება არ სურს და არც შვებას ჰგვრის. მას მხოლოდ მომავლის გადარჩენა უნდა და გოგოების დახმარებაც ინტელექტუალურ ჭრილში სჭირდება. მარიკა მათ ადვოკატთან შეხვედრის დეტალებს უყვება. ფიქრობს, როგორ მოიქცეს სასამართლოში, რა თქვას და რა არ უნდა თქვას. გოგოებმა კი ამდენი არ იციან. მათ უბრალოდ შეუძლიათ ილაპარაკონ, უსასრულოდ და უსასრულოდ ბევრი ილაპარაკონ, მაგრამ ვერასდროს ვერ თქვან ის საჭირო სიტყვები.
– მთავარი შეკითხვა ალბათ სუროგატ დედაზე იქნება. თანხის გადახდის გარდა, შევძლებ თუ არა მის შენახვას, სრულფასოვან კვებას, სამედიცინო მომსახურებას. ჩემი ხელფასით ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ბინას გავყიდი და უფრო პატარა ბინას ვიყიდი, ან დედასთან გადავალ და ჩემს ბინას გავაქირავებ. დედა ბავშვის გაზრდაშიც დამეხმარება.
– ბინა არ გაყიდო, გაგიჟდი? და დედაშენთან ცხოვრება გინდა? – სიგარეტს უკიდებს ნატალია.
– არ ვიცი...
– არ იცი კი არა, იცი, რომ გაგიჭირდება. ან როგორ დაგეხმარება? შენი ძმა, რძალი, ბავშვები იქ ხშირად არიან. არა მგონია, შენი იქ გადასახლება ესიამოვნოთ.
– თან სუროგატ დედასთან ერთად. ლაშა მაგას
აიტანს? თავიდანვე არ გაგიჟდა, ეგ ამბავი რომ გაიგო?
– ჰო. ჩემს ძმას ჩემი არასდროს ესმოდა. მით უფრო, ახლა...
– და ამ სუროგატმა ქალმა შენთან ერთად უნდა იც­ხოვროს? 
– შეთანხმების პირობებს გააჩნია. 
– ისე, რა უცნაურია ეს სუროგაცია, სხვისი შვილი მუცლით როგორ უნდა ატარო, – ამრეზით ამბობს სოფო. 
– აბა! – ეთანხმება ნატალია, – ცხრა თვე ატარო, მერე მოიშორო... და ეს ბიზნესად აქციო.
– ძნელია, მაგრამ კეთილშობილურიცაა, – სუროგატი დედების დაცვას ცდილობს მარიკა, – იმას ჰგავს, სხვისი შვილი საკუთარ სახლში რომ შეიფარო, მოუარო და აჭამო.
– და დედობის განცდა არ უჩნდებათ? ბავშვი მის სხეულში ცხოვრობს.
– სუროგატი მხოლოდ ჭურჭელია. მეტი არაფერი.
– კარგი რა, მარიკა, – ვეღარ ითმენს სოფო, – ორსულობა გამომიცდია და ყველაფერი ვიცი. რას ჰქვია ჭურჭელი? ბავშვი შენში ცხოვრობს. ერთი სხეული ხართ. ალბათ შენს შვილს იმ ქალის გენეტიკაც შეერევა. კარგად გაიკითხე, ვინ იქნება და საიდან.
– გენეტიკა სხვა რამეა. იმ ქალის საშვილოსნოში მარტო ნაყოფი განვითარდება და გაიზრდება გაჩენამდე. 
– იქნებ ისევ შენ გეცადა? ერთი და ორი წარუმატებლობა არაფერია. ქალები ვიცი, ხუთი და ათი ცდის მერეც რომ არ დაუყრიათ ფარ-ხმალი და მერე რომელიღაც ცდაზე მიმაგრებიათ და შერჩენიათ.
– არ არისო შანსი, ექიმმა, – სევდიანად ამბობს მარიკა.
გოგონები ჩუმდებიან. და ამ სიჩუმეში ისინი ირაკლის თანაგუნდელები ხდებიან. ამ სიჩუმეში მხოლოდ მარიკასადმი სიბრალული ისმის და მეტი არაფერი. ისინი, როგორც მთელი დანარჩენი გარემომცველი სამყარო „სწორი, მართალი და ბუნებრივი“ მეთოდების მომხრეები არიან და არა იმ უკუღმართობების, რაც მარიკას სურს და უნდა.
ტელეფონებზე შეტყობინებები მოდის. სოფოს – ბავ­შვის ძიძა, ნატალიას შეყვარებული ეძახის და გოგოები მიდიან. მარიკა მარტო რჩება. ყავას უკვეთავს. მის წინ ჩამომსხდარ ასაკოვან ქალებს უყურებს. როგორც ჩანს, ტრადიციული შეკრება აქვთ. ჯერ ალბათ პარკში ისეირნეს. ახლა კაფეში შემოვიდნენ და ნაყინი და ნამცხვარი შეუკვეთეს. უხმოდ აცარიელებენ თეფშებს. ერთმანეთის მიყოლებით ნთქავენ პატარ-პატარა კრემიან ნამცხვრებს. ვერცხლისფერი კოვზებით ყლაპავენ ნაყინის ტკბილ, თეთრ ფაფას. ბავშვებივით იპარავენ ტკბილეულს და ჰედონისტური სიხარბით იხანგრძლივებენ სიამოვნების იშვიათ წუთებს. ამ ასაკში რაიმე სერიოზული თუ არ სჭირთ, უძილობა, კოლიტი, სახსრების სისუსტე და ჰიპერტონია ხომ მაინც აწუხებთ. სანაცვლოდ, აქვთ მცირედი პენსია, საყოველთაო დაზღვევა, მოჩვენებითი სოციალური თანაგრძნობა... და რა განსხვავებაა? ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდობაც ისევე ნაღვლიანია, როგორც სიბერე. მხოლოდ რიგზე გათვლაა და მეტი არაფერი. ჯერ შენზე ზრუნავენ მშობლები, მერე უკვე შენ ზრუნავ მათზე და ეს ჯაჭვი, ეს ციკლი რომ არ დაირღვეს, იმიტომაცაა აქ აუცილებელი შვილი. შვილი, რომელსაც გაზრდი და რომელიც ვალდებული იქნება, შენი ვალი გაისტუმროს.
მარიკას დედასთან ბოლო საუბარი ახსენდება. ამ საუბრის შემდეგ მარიკა მიხვდა, რომ დედას მის გამო რცხვენია. არა, განა საყვედურობს. უბრალოდ, სწყინს, რომ ასე აეწყო და მარიკამ ვერ შეძლო და ვერ მოიხადა ვალი. ვერ შეასრულა მისია, რისთვისაც გაჩნდა. „განა ქალი ამისთვის არ ჩნდება? რაღა შენ დაგემართა ეს?“ – იკითხა რაღაცნაირად გულჩამწყდარმა. სამზარეულოში ისხდნენ. დედა სადილს ამზადებდა. მარიკა ჩაის სვამდა. ლანგარზე დედის მიერ ახლად გამომცხვარი, ჯერ ისევ თბილი ღვეზელი ედო. ღვეზელს ვაშლის და დარიჩინის სუნი ასდიოდა. დედის დარდიც, ღვეზელის მსგავსად, შვილისადმი ზრუნვის ნაწილი იყო. ღმერთისადმი თუ ბედისადმი ჩივილი, რომ მარიკა აქამდე მტკიცე საგვარეულო ჯაჭვში გაწყვეტილი რგოლია, სუსტი და ცუდად ნაჭედი რგოლი. რომ მაინცდამაინც მის გოგოს დააკლეს ცეცხლი და ფოლადი.
საგვარეულო ჯაჭვი კი მართლაც მტკიცე და სანაქებო ჰქონდათ. ეს მხოლოდ მკრთალი და მტვერწაყრილი ისტორიული მეხსიერება კი არ გახლდათ, მშობლებს რომ აქა-იქ და ბუნდოვნად ახსოვთ წინაპართა სახელები, მარიკას ამის შთამბეჭდავი ვიზუალური დასტური ენა­ხა. დიდ პაპისეულ სახლში მეორე სართულის მისაღები ოთახის კედელზე საგვარეულო ხე ეხატა, უამრავი ტოტით, რტოთი და განშტოებით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან რომ იღებდა სათავეს. ბავშვობაში მარიკა საათობით იჯდა ხესთან და წარსულის აჩრდილებს შორის დაეხეტებოდა. კითხულობდა, რომ ნიკოლოზს ჰყოლია ორი შვილი – მიხეილი და ნატალია, მიხეილს სამი – მარგალიტა, მარკოზი და დავითი. მარკოზი ბერად აღკვეცილა და მისი ტოტი მოკლეა, დავითის შთამომავლობა კი ხუთსულიანია – 2 ქალი, 3 ვაჟი... ვაჟების – მიხეილის, კონსტანტინესა (იმავე კოსტას) და ანდრიას საგვარეულო შტოებიდან ხე მხოლოდ კოსტასა და ანდრიას შთამომავლობას აღნუსხავს, რადგან მიხეილსა და მის ცოლს ელისაბედს ქალები შესძენიათ. მარიკა თითს ატარებს ხის ტოტებს შორის... მეოცე საუკუნის დასაწყისი. შავი ჭირი, ტიფი, შიმშილი, ბავშვთა სიკვდილიანობა. აქ ბევრ ტოტს ესხიპება ფოთოლი. მარიკა ცდილობს, არ აიხლართოს და თავისი პირდაპირი წინაპრების შტოს არ ასცდეს. ასე პოულობს დიდ ბებიდა აგრაფინას, რომელმაც შვიდი შვილი გაუჩინა პაპამისს. ეს ალბათ 1937 წლის რეპრესიების ხანაა, რადგან აქ ხე შესამჩნევად თხელდება და გადასახლებულთა და დახვრეტილთა სახელებიც მკრთალი ფანქრითაა მიწერილი. მერე მოგვიანებით რომელიღაც გადარჩენილ შთამომავალს კალმით სქლად გაუმუქებია. მეორე მსოფლიო ომი. აქაც მრავლად გაუჩეხავთ. ქვემოთ აღნუსხული სახელებიდან უკვე მარიკას მეხსიერებასაც უნდა ახსოვდეს რამდენიმე. ასე მოდის ხაზი მის პატარა სიცოცხლემდე და ამ დიდ მისტერიაში ჩაბმული მარიკა მთელ გენეტიკურ ხაზს რომ გამოივლის, გაბრუებული იწყებს თავიდან. ახლა სახელებს უკვე სახეებს უსადაგებს, ტანსაცმელს, ხმას და გამომეტყველებას. მათი სიყვარულის, სიცოცხლის და სიკვდილის ამბებს იგონებს, ათასგვარ ადამიანურ ისტორიას თხზავს. ეს ჰგავს გარდაცვლილთა სულების გამოცხადებას, დიდი ხნის წინ მიკეტილი აკლდამებიდან მათ გამოხმობას. და ისინიც მოდიან უკვე ჩონჩხადქეულნი და დაფერფლილნი, ან სულაც გამქრალნი. მოდიან და თითოეული საკუთარი შვილების სახელებს ბუტბუტებს.
გასაკვირი არ არის, რომ ამ სხვადასხვაგვარ ხმათა ჩურჩულში, ამ მასიურ სპირიტუალურ სეანსში მარიკას მხოლოდ მამაკაცთა ხმები ჩაესმის. გვარის გამგრძელებელთა ხეზე ქალიშვილების მხოლოდ სახელები ჰკიდია. თითქოს არც უარსებიათ, მხოლოდ ნათლობისას მოიხსენიეს და ისინიც იმწამსვე, კდემითა და კრძალვით, გრძელი კაბების ძლივს გასაგონი შარიშურითა და ლეჩაქქვეშ მიმალული სახეებით მიეცნენ დავიწყებას. აქ მხოლოდ მამაკაცები აგრძელებენ შთამომავლობას. მხოლოდ მათ აქვთ უფლება, მოიყვანონ ახალი ადამიანები და ახალი დროება.
ალბათ ამიტომაა, რომ მოგვიანებით, უკვე ზრდასრული მარიკა საგვარეულო ხეს უზარმაზარ ფალოსს მიამსგავსებს. მუხასავით მაგარ და მძლავრად ერეგირებულ ფალოსს, რომელიც ორ საუკუნეს ანაყოფიერებს. მთავარ მწარმოებელ ძალას, რომლის ხის ფოთოლივით დაცვენილმა და მიწას გაბნეულმა უთვალავმა სპერმატოზოიდმა შექმნა ოჯახი, გვარი და ცხადია, კაცობრიობა. 
„და რაღა შენ?“ – რაღაცნაირად გულჩამწყდარი იმეორებს დედა, თან ბარდას არჩევს. მარიკას ესმის დედის წუხილი. არასრულფასოვანი და წუნდებული შვილი დედის წუნიცაა. იქნებ სულაც მისი ქრომოსომების და გენების პრობლემა. მარიკას სურს, დედა გაჩუმდეს, როგორ ვერ ხვდება, რომ ასე თავადაც იმ ბარდას ემსგავსება, რომელსაც არჩევს. ბარდას, რომლის რომელიღაც დომინანტმა გენმა იმძლავრა და გლუვი მარცვლის ნაცვლად დანაოჭებული მარცვალი წარმოქმნა. 
მაგრამ დედა არ ჩუმდება. 
– სალომე მესამეზეა ფეხმძიმედ, პატრიარქი იქნება ბავშვის ნათლია და რადგან ავადმყოფობს, იჩქარეს, – ამბობს და ბარდას ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ყრის. 
– ვინ ავადმყოფობს? – ვერ ხვდება მარიკა.
– პატრიარქი. ყოველ მესამე ბავშვს ხომ ნათლავს და ძალიან უნდათ, მოასწრონ. მათაც ჰყავდეთ პატრიარქის ნათლული შვილი. 
– მოასწრონ რა? ვიდრე პატრიარქს შეუძლია ნათლობა?
– ჰო.
– რა საოცარი ხალხია.
– რა არის აქ საოცარი? – ახლა დედა იბნევა.
– არაფერი, – ჩუმად ამბობს მარიკა და ირინდება. იმის ახსნას, რომ ეს ქრისტეს სიყვარული კი არა, ფეხისხმას აყოლილთა ეგოიზმია, არ აპირებს. დედა უმეტესად ნახევარტონებში ლაპარაკობს და ბრალსაც ვერაფერში დასდებ. ორსული ქალები და ახლად გაჩენილი ბავშვები კი მისი საყვარელი და მტანჯველი თემაა. ამ თემაზე შეიძლება ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ სახეზე მხოლოდ ორი სიტყვა აწერია „რაღა შენ!“.

Read more from the September 2018 issue
Like what you read? Help WWB bring you the best new writing from around the world.