Skip to content
Words Without Borders is an inaugural Whiting Literary Magazine Prize winner!
from the September 2018 issue

ნაცნობ ქიმერათა ფერხული

ურთიერთობა შევარდნაძესთან მძიმედ ვითარდებოდა. ჩვენი პირველივე საქმიანი შეხვედრისას სრული მარცხი განვიცადე. შესათანხმებლად შევუტანე ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ერთ-ერთი დელეგაციის ვიზიტის გეგმა. გადახედა და უხეშად მითხრა, – ამას მე არ უნდა ვაკეთებდეო, თან მაინც აგრძელებდა გეგმის გაცნობას. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა „ამას მე არ უნდა ვაკეთებდე“ – იმას, რომ მომავალში აღარ შევუტანო დელეგაციების გეგმები, თუ პროექტი უკეთ უნდა იყოს დამუშავებული. ყველა პუნქტი დამიწუნა, გადახაზა, დოკუმენტს სრულიად უვარგისი უწოდა. ამგვარი დამოკიდებულება ჩემთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ დაბნეულობისაგან თავის მართლებაც ვერ შევძელი. ვერც ის ვუთხარი, რომ გეგმის პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადდა. თუმცა ეს კიდეც რომ მომეხერხებინა, ვერაფერს ვუშველიდი. ქაღალდი მე შევუტანე და მის ხარისხზე პასუხს მე ვაგებდი. ამ პირველი შეხვედრიდან მიღებული შოკი კარგა ხანს გამომყვა – მაშინაც კი, როცა საკითხი უზადოდ მქონდა მომზადებული, ნორმალურად ახსნა-განმარტებას ვერ ვახერხებდი. ამას თან ერთვოდა შევარდნაძის მოსმენის მანერა – კერძოდ კი ის, რომ მთელი შენი მონოლოგის განმავლობაში იგი არც ჟესტებით, არც სიტყვებით და არც რაიმე შორისდებულით არ გატყობინებდა, მოსწონს თუ არა ის, რასაც შენ უყვები. არ ვიცი, იყო ეს საგანგებოდ მოფიქრებული ფანდი თუ მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე, კონკურენტების დათრგუნვასა და მის წინსვლაში ამ თვისებამ როლი ითამაშა.

ისიც მიკვირდა, რომ არც ერთხელ არ უხსენებია მამაჩემი, არ მოუკითხავს, როგორ არის, რას აკეთებს. ეს ხომ კლუბის წევრთა სოლიდარობის ნორმალური გამოვლინება იქნებოდა – ორივენი თავის დროზე საქართველოს ცეკას ხელმძღვანელობდნენ. ამას კიდევ იმიტომ განვიცდიდი, რომ მამაჩემს ძალიან უჭირდა და მისი სამი ლენინის ორდენიდან ერთი, ჩემი დახმარებით, უკვე გაყიდული ჰქონდა. მოგვიანებით დანარჩენი ორის გაყიდვაც დასჭირდა, რადგან გენერლის პენსია, რომელსაც მოითხოვდა როგორც ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრი, არ დაუნიშნეს.

პირველ ხანებში გარკვეულ უხერხულობას შევარდნაძის იმდროინდელ გარემოცვასთან ურთიერთობებშიც ვგრძნობდი; მათთან, ვინც უცხოურ საქმეებთან იყო დაკავშირებული და შევარდნაძეს მოსკოვიდან ჩამოყვა. ორნი იყვნენ. თემურ სტეპანოვს შორიდან ვიცნობდი. მიუხედავად მისი ფხუკიანი ხასიათისა, თემურს დავუახლოვდი და დღესაც თბილად ვიხსენებ მასთან კამათში გატარებულ საათებს და ვერც იმ მზიან დღეს ვივიწყებ, როცა მოსკოვიდან ჩამოტანილი ურნა თემურის ფერფლით თბილისურ მიწას მივაბარეთ და მე სიტყვა ვთქვი. სერგეი ტარასენკო, შევარდნაძის დიპლომატიური მრჩეველი, მასთან წლების განმავლობაში მუშაობდა. თავის დროზე ვუნდერკინდად აღიარებული სერგეი უბრალო ოჯახში დაიბადა, მგონი, დონბასში. ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე მოხვდა მოსკოვის ელიტარულ МГИМО-ში, სწრაფად დაეუფლა ინგლისურ ენას და დიპლომატიის ხელოვნებას. მუშაობდა საბჭოთა კავშირის საელჩოში ამერიკაში და 80-იანებში შეუერთდა ახალი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის რეფორმატორულ გუნდს.

თბილისში, ჩემს გამოჩენამდე და კარგა ხანს მერეც, შევარდნაძის შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან და უცხოურ დელეგაციებთან ტარასენკო აწყობდა და თვითონვე თარგმნიდა. მე ამ შეხვედრების შესახებ არაფერს მეუბნებოდნენ. ვხედავდი, რომ უცხოელები ზოგჯერ თემურ სტეპანოვთანაც შედიოდნენ. უმეტესად კი ჯერ ტარასენკოსთან და მერე მასთან ერთად შევარდნაძესთან. 92 წლის მაისის შუა რიცხვებში, როცა შევარდნაძის მისაღებში შევედი, იქ მზია ჭანტურია დამხვდა. კომკავშირულ ქალაქ „ბორის ძნელაძიდან“ ვიცნობდი, დირექტორად მუშაობდა. მზიამ მახარა, ბეიკერი ჩამოდისო. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ქაოსში მყოფი ქვეყნის ჯერ კიდევ უკანონო ხელმძღვანელობის ფაქტობრივი ლეგიტიმაციის პროცესის მხარდაჭერას ნიშნავდა. პროცესი გენშერის ჩამოსვლით დაიწყო და ბეიკერის შემდეგ თურქეთის მაშინდელი პრემიერის – სულეიმან დემირელის – ვიზიტით გაგრძელდა.

ვაცნობიერებდი ბეიკერის ვიზიტის მნიშვნელობას, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ არაერთი უსიამოვნო წუთი მელოდა. წარმოვიდგინე, რა ამბავს დამაწევდა შევარდნაძე ბეიკერის პროგრამის მასთან შეთანხმებისას. არ შევმცდარვარ. გადახედა თუ არა, მომიტრიალდა და ცივად მითხრა – ტარასენკო შემოვიდეს, ის გამოცდილი კაციაო. მართალია, ტარასენკოსაც მისდგა, მაგრამ ნაკლები სიმკაცრით. არაერთი შენიშვნის შემდეგ მან ჩემთვის მოულოდნელი კითხვა დაუსვა: „როგორ ფიქრობ, სერგეი, გამართლებულია ერთობლივი პრესკონფერენცია? ის ხომ დღესაც მინისტრია, მე კი, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მეთაური“. ტარასენკო შეჩვეული იყო მის ხუმრობებს და ალბათ ამიტომ არ გაუცია პასუხი, გაუღიმა. „სად ეწყობა პრესკონფერენცია? პროგრამაში მითითებული არ არის“, – თქვა მან გაღიზიანებული ტონით და მე შემომხედა. „არ ვიცი“, – ამჯერად მშვიდად ვუპასუხე, რადგან ჩემთვის ყველაფერი უკვე სულერთი იყო. შევარდნაძემ იგრძნო ჩემი განწყობა და თემა შეცვალა. მე ეს მენიშნა – ის არ იყო გულგრილი ჩემი ემოციების მიმართ.

დღეს მგონია, რომ შევარდნაძის ჩემდამი ამგვარი არცთუ მეგობ¬რული მოპყრობა ნაწილობრივ, ან იქნებ სულაც, იმით იყო გამოწვეული, რომ მე ყოველნაირად თავს ვარიდებდი ზეპირ თარგმანს და ვასრულებდი მხოლოდ იმ სამუშაოს, რომელსაც გულისხმობდა ჩემი საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების გამგის თანამდებობა. რამდენჯერმე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ არ მსურდა თარგმანის კეთება. 53 წლის ვიყავი და მიმაჩნდა, რომ ჩემი საერთაშორისო კონტაქტებისა და თეორიული ცოდნის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოძერწვის პროცესში უფრო სერიოზულ როლს ვიმსახურებდი, თარგმანი კი ახალგაზრდებს უნდა ეკეთებინათ.

ბეიკერის ვიზიტმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, მეპოვნა შესაფერისი მთარგმნელი ან თავად აღარ მეჯიუტა.

ბეიკერის ვიზიტის დასრულების შემდეგ აპარატის ყოველკვირეულ თათბირზე შევარდნაძემ განაცხადა, რომ თარგმანი არ ვარგოდა და ამას ბატონ გელას უნდა ვუმადლოდეთო. იქამდე სტეპანოვმაც გადაკვრით მაგრძნობინა, რომ თუ თარგმნაზე უარს ვიტყვი, სტამბოლსა და ჰელსინკიში ვერ წამოვალ, დელეგაციაში არ ჩამრთავენ. მერე შევარდნაძემ ცალკე მითხრა, ჩემთვის სულერთია ვინ თარგმნის, მაგრამ თქვენ (ჯერ თქვენობით მელაპარაკებოდა), როგორც განყოფილების გამგემ, უნდა უზრუნველყოთ კარგი თარგმანიო. ამ სიტყვებმა სერიოზულად დამაფიქრა.

გამახსენდა, რომ 80-იან წლებში ჩემს სოციოლოგიის ლექციებს უცხო ენათა ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის კურსებზე ესწრებოდა ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა, პროფესიით იურისტი. ლექციებზე აქტიურობდა და კარგად ფორმულირებულ შეკითხვებს მისვამდა ინგლისურად. გვარი და სახელი არ მახსოვდა, მაგრამ მაინც მივაკვლიე და გამოვაძახებინე. მოვიდა 17 ივნისს. დიდხანს ვილაპარაკეთ. დამთანხმდა. ისიც ვიგრძენი, რომ გაუხარდა. მოვილაპარაკეთ, რომ დავურეკავდი. ჩავიწერე მისი ტელეფონი. დღეს მის გვარს ჩემს სატელეფონო წიგნაკში შავი არშია აქვს შემოვლებული – დათო ნადირაძე დაიღუპა ტელევიზიასთან 1992 წლის 24 ივნისს, ჩვენი შეხვედრის შემდეგ ერთ კვირაში. როგორც ვიცი, იგი იმ დაპირისპირების ერთადერთი მსხვერპლი იყო. ამის შემდეგ ზეპირი თარგმანი განყოფილების გამგის სხვა ფუნქციებთან ერთად მე შევითავსე.

ჩემს აპარატში გამოჩენას ტარასენკო ენთუზიაზმით არ შეხვედრია. როგორც ცენტრიდან ჩამოსულ ჩინოვნიკს, მას არ შეიძლებოდა ტრადიციული სტერეოტიპით არ ემსჯელა ე. წ. „ადგილობრივი კადრების“ კომპეტენციაზე. რა იცოდა მან ჩემ შესახებ? კიდევაც თუ ჰქონდა გაგონილი ორიოდ კეთილი სიტყვა, ვთქვათ, თბილისელი თემურ სტეპანოვისაგან ან სულაც შევარდნაძისაგან, მისთვის მათი, „უენო პროვინციელების“ შეფასება ბევრს არაფერს ნიშნავდა. მეორდებოდა სიტუაცია, რომლის მსგავსში არაერთხელ მოვხვედრივარ ჩემი საქმიანობის გამო. ზეცენტრალიზებულ საბჭოთა კავშირში, სადაც მოსკოვის გაუვლელად ვერავინ და ვერაფერი გასცდებოდა ქვეყნის საზღვრებს, ცენტრიდან მოვლენილი ბიუროკრატი ვერასდროს დაუშვებდა, რომ ვიღაც პროვინციელი შეიძლებოდა მასზე მეტად ყოფილიყო ნაზიარები დასავლეთის კულტურას. მით უმეტეს, ამას ვერ იზამდა გამოჩენილი დიპლომატი, რომელმაც წლები გაატარა ვაშინგტონში და ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიუხედავად, საქართველოს ძველებურად, რუსეთის ერთ-ერთ პროვინციად განიხილავდა.

ვიცოდი, რომ მისი ქედმაღლური სტერეოტიპი დაიმსხვრეოდა. ისე, როგორც ათი ათასჯერ მომხდარა წინათ. საჭირო იყო შესაბამისი სიტუაცია და მანაც არ დააყოვნა.

ბეიკერის ვიზიტის დროს მე და სერგეი ერთ „ჩაიკაში“ მოგვათავსეს ამერიკელ დიპლომატებთან, დენის როსთან და ნაილსთან ერთად. როსი ჩემი ასაკის, მაღალი განათლების, აკადემიური ორიენტაციის დიპლომატი იყო, რომელმაც გარკვეული როლი შეასრულა საბჭოთა წყობის ეროზიაში. ბუნებრივია, რუსებს გულზე არ ეხატებოდათ. ეს თვითონაც კარგად იცოდა, მოსწონდა და ამიტომაც ასე წარმიდგინა თავი: “небезызвестный Росс“.  თანდათან ინგლისურზე გადავედით. აღმოჩნდა, რომ დენისი 60-იან წლებში კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსზე სტუდენტური მოძრაობის წიაღში დაკაცებულა. ეს რომ გავიგე, გადავერთე იმდროინდელ პრობლემატიკაზე, მივუსადაგე 60-იანების სტუდენტური ლექსიკა, რომელშიც დროდადრო ვრთავდი Shiboleth-ებს, ერთი ჯგუფის წევრების საიდენტიფიკაციო კოდურ სიტყვებს. სერგეის რომ ავხედე, დაბნეული სახე ჰქონდა. ერთი-ორჯერ შეეცადა ჩართულიყო საუბარში, მაგრამ არ გამოუვიდა. წაიბორძიკა და შეეშვა. ამ ეპიზოდის შემდეგ ჩემთვის არაფერი უთქვამს, თუმცა მის ჩემდამი დამოკიდებულებაში ცვლილება აშკარად შეიმჩნეოდა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, არც ვიცი რასთან კავშირში, თემურ სტეპანოვმა გაიხსენა, ბეიკერის ვიზიტის შემდეგ ტარასენკომ ასე მითხრაო: “Этот ваш Гела в английском как рыба в воде“.

Read more from the September 2018 issue
Like what you read? Help WWB bring you the best new writing from around the world.